მდინარე რიონის აუზის წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა

გრანტის ნომერი: SGP2019

სათაური: მდინარე რიონის აუზის წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა

დამფინანსებელი: განათლების საერთაშორისო ცენტრი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები:25.11.2019-25.07.2020

პროექტის ხელმძღვანელი:ზაზა გულაშვილი

ძირითადი პერსონალი: ზაზა გულაშვილი, მარიამ ციცაგი

 

ანოტაცია

პროექტის მიზანია მდინარე რიონის აუზში წყალსამეურნეო სისტემის წარსული და თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი დინამიკაში, წყლის რესურსების რაოდენობრივი

და ხარისხობრივი შეფასება, წყალმოვარდნების რისკების გამოვლენა და სტიქიურად მოწყვლადი არეალების დადგენა, აუზის წყლის რესურსების არსებული პოტენციალის

გამოვლენა და წყლის მართვის ოპტიმალური გეგმის რეკომენდაციების ჩამოყალიბება.

პროექტის საკვლევი არეალია მდინარე რიონის ქვემო წელის დინების სააუზო ტერიტორია ქ. ქუთაისიდან ფოთამდე (შესართავამდე), რომელიც მოიცავს იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დაბლობ ზონაში, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობზე მოქცეულ მუნიციპალიტეტებსა და სასოფლო დასახლებებს. შესაბამისად პროექტის ბენეფიციარებია მოსახლეობა, რომელიც უშუალოდ განლაგებულია მდინარე რიონის შუა და ქვემო დინების მიმდებარე ტერიტორიებზე და რომლებიც ერთი მხრივ სტიქიური უბედურებების პოტენციური რისკის ქვეშ არიან, ხოლო მეორეს მხრივ წარმოადგენენ წყლის რესურსების მომხმარებლებს. მათი რაოდენობა 65 000 აღემატება.

ბენეფიციარებს განეკუთვნებიან ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები.

საქართველო მაღალმთიანი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. მდინარეთა უმეტესობა სათავეს მაღალი ნიშნულებიდან იღებს. ისინი მაღალი კატასტროფული რისკების შემცველი ობიექტებია. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს მთავარი მდინარე რიონი შენაკადებითურთ, რომელიც რაჭის კავკასიონიდან იღებს სათავეს და ქვემო წელში კოლხეთის დაბლობის გავლით უერთდება შავ ზღვას. იგი საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა და მნიშვნელოვანი სტიქიური აქტივობით გამოირჩევა.

მდინარე რიონი და მისი შენაკადები დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობზე, სეზონური პიკების დროს გადმოდიან კალაპოტიდან და სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა ტერიტორიების მნიშვნელოვან ფართობებს ტბორავენ. ეს ფართობები ძირითადად XX საუკუნეში სასოფლო-სამეურნეო მიზნით დაშრობილი კოლხეთის ჭაობიანი არეალების ნაწილია და ასევე უშუალოდ ჭაობიანი ტერიტორიები მდინარე რიონის ქვემო დინების გასწვრივ ჭალაში შავი ზღვის შესართავამდე. გასული ასწლიანი პერიოდის მანძილზე დაფიქსირებულია რამდენიმე ძლიერი წყალდიდობა, რომლებმაც დიდი ეკონომიკური ზარალი მოუტანეს ჭარბტენიანი არეალების მიმდებარედ არსებული სოფლების და ქალაქ ფოთის მოსახლეობას - დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ცხოველი. სტიქიური მოვლენები განსაკუთრებით გახშირებულია ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე კლიმატის ცვლილების ფონზე და მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რასაც ემატება მყინვარების ინტენსიური დნობის პროცესები და უკვე ყოველწლიურად ფიქსირდება ათეულობით დიდი თუ მცირე წყალმოვარდნები, რომლებთან საბრძოლველად სამწუხაროდ არანაირი წინასწარი ღონისძიება არ იგეგმება.

აქ, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, აიგო რიგი ნაპირსამაგრი ნაგებობები, მოეწყო არხთა ქსელი და სადრენაჟო სისტემა, რითაც ჭარბი წყლის რაოდენობა უნდა გადასროლილიყო ზღვაში. ამით უნდა აცილებულიყო მდინარეთა მიერ დაბლობი ტერიტორიების დატბორვა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში განცდილი ცვეთისა თუ რღვევის გამო, აღნიშნული ნაგებობები ვეღარ უზრუნველყოფენ შეცვლილი ჰიდროლოგიური რეჟიმების პირობებში ჭარბი რესურსების შეკავებას, რაც ზრდის სტიქიებისა და ზარალის რისკებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს წყლის რესურსების უდიდესი მარაგი გააჩნია. თუმცა, გარდა დიდი საქალაქო დასახლებებისა, ამ რესურსის გამოყენება არ ხდება მომარაგების მიზნით და არც მათი რაციონალური გამოყენებისა და ინტეგრირებული მართვის ჩამოყალიბებული გეგმა არსებობს. სასოფლო დასახლებებში მდინარიდან წყალაღების პრაქტიკა არ არსებობს, იქ ძირითადად მიწისქვეშა წყლების მარაგი გამოიყენება ან არსებობის შემთხვევაში ხევის წყლის რესურსებით საზრდოობენ, რომელთა გამოყენება არ ეფუძნება რეალურ მოთხოვნილებებსა და მარაგებზე დაფუძნებულ გაანგარიშებებს, უსისტემოა და სასარგებლო ეფექტს ვერ იძლევა. რიონის აუზის კოლხეთის დაბლობის ნაწილში, კერძოდ კი შუა დინების მონაკვეთში ფიქსირდება დასახლებების ფარგლებში მდინარი წყლები, რომლებიც ისევ რიონში ჩაედინებიან და ქვემო დინებაში კვლავ ზრდიან სტიქიური რისკის საფრთხეებს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით 2000 წელს შემუშავდა წყლის ჩარჩო დირექტივა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების პრინციპების შემუშავება. ამ პროცესში საქართველო 2016 წლიდან ჩაერთო.

კიდევ ერთი პრობლემას წარმოადგენს ის, რომ წყლის რესურსების გამოყენების მხრივ არ არსებობს ამ რესურსის რაოდენობრივი შეფასების პრაქტიკა და ამ შედეგებზე დაფუძნებული მართვის გეგმა.

თავისთავად პრობლემა ხელს უშლის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებას. საშიშროების წინაშე აყენებს საწარმოთა მუშაობის პროცესს. ქალაქების მოსახლეობის მატება და ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი განაპირობებს ურბანული ტერიტორიების ზრდის და ახალი მაგისტრალების ან ნაგებობების მშენებლობას აუცილებლობას. შესაბამისად, სტიქიური საფრთხის შემცველი ზონებისა და დატბორვის არეალების შეუსწავლელობა, საფრთხის ასაცილებლად ჰიდროტექნიკური ნაგებობების არარსებობა ზრდის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების რისკებს. ამიტომ, წყალდიდობების პროგნოზირებისა და გაფრთხილების სისტემის განვითარება არსებითი ელემენტია როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისათვის, ხოლო დატბორვის მხრივ საშიში მოწყვლადი ტერიტორიების თანამედროვე მდგომარეობის ზონირების გარეშე შეუძლებელი იქნება წყლის რესურსების ეფექტური მართვის სქემის შემუშავება."       

  1. წყალსამეურნეო სისტემის ციფრული რუკა;
  2. წყალსამეურნეო სისტემაში ჩართული მხარეების მონაცემთა ბაზა;
  3. საკვლევი არეალის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის რუკა;
  4. მდინარე რიონის აუზის ჰიდროლოგიური მოდელი AQUATOOL-ში;
  5. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და ეკონომიკური ეფექტის ანგარიში;
  6. წყლის ინტეგრირებული მართვის რეკომენდაციები და ალტერნატიული სქემა საკვლევი არეალისთვის;
  7. პრეზენტაცია საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებაზე;
  8. სტატია საერთაშორისო კონფერენციის SGEM2020-ის რეცენზირებად და ინდექსირებულ შრომათა კრებულში.